ბეთანიის მონასტერი

თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სავანე. საკვირველი, სასწაულებრივი ადგილია ბეთანია! იგი თითქოს დროითა და სივრცითაც მოშორებია წარმავალ ცხოვრებას. აქ ჯერაც არ არის ელექტროობა, რადიო, ტელევიზორი, წყალგაყვანილობაც კი. ყველაფერი ისეა, როგორც ათასი წლის წინათ როდესაც აქ პირველად ფუძნდებოდა მონასტერი.
უდიდესმა ქარიშხლებმა გადაუარა თავს ღვთის ამ სავანეს: სარწმუნოების უსასტიკესი დევნის 70-წლიან პერიოდში სწორედ მონასტრები განიცდიდნენ დევნა-შევიწროებას: ბერ-მონაზონთა უმრავლესობა დახვრიტეს, გადაასახლეს, ცოცხლად დარჩენილნი კი უმძიმეს შეჭირვებასა და შეურაცხყოფას ითმენდნენ. მაგრამ უდიდესი განსაცდელის დროსაც ბეთანიის მონასტერი მდიდარი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა. აქ ძლიერად კაშკაშებდა ლოცვითი კანდელი - ორი ბრძენი სულიერი მოძღვარი - განუწყვეტლივ აღუვლენდა ღმერთს ლოცვა-ვედრებას. აქ არასოდეს შეწყვეტილა საღმრთო ლიტურგიის აღსრულება, ნათლობა, ჯვრისწერა, ღვთის სიტყვის ქადაგება.
ბეთანიის მონასტრის ისტორია საიდუმლოებით არის მოცული. უცნობია იმ მამათა სახელებიც, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში მოსაგრეობდნენ აქ.



                       მონასტრის ისტორიიდან  

XI საუკუნეში სავანე უკვე არსებობდა, როგორც დიდი ფეოდალების - ორბელიანებისათვის აშენებული განსასვენებელი. ბეთანიის ტაძარი, სავარაუდოდ, XII საუკუნის მიწურულს - XIII საუკუნის პირველ წლებში აიგო, წმიდა კეთილმსახური მეფის, თამარის ზეობისას. მის ადგილას უფრო ძველი და პატარა აგურის საყდარი იდგა, რომელიც X თუ XI საუკუნეს განეკუთვნებოდა. გადმოცემით, წმიდა მეფე თამარი ხშირად ჩამოდიოდა ზაფხულობით ბეთანიაში, რათა სულიერად მოესვენა, განმარტოებულიყო და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მისცემოდა. ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე დიდი ფრესკაა - მეფეთა პორტრეტები. სწორედ აქ არის წმიდა მეფე თამარის ფრესკა. ტაძრის სამხრეთ კედელზე ბერის შესამოსელითა და ტაძრის მოდელით ხელში გამოხატულია ქტიტორის დიდი პორტრეტი - ეს არის სუმბატ მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი. იგი სამეფო კარის სხვა დიდებულებთან ერთად აუჯანყდა მეფე გიორგი III-ს. გადმოცემით, სიცოცხლის ბოლო წლები ყოფილმა დიდებულმა, აწ კი სიმდაბლით აღვსილმა ბერმა სიმონმა (სუმბატ ორბელიანი) საგვარეულო საძვალეში - კარიბჭის ქვეშ მოთავსებულ აკლდამაში გაატარა და აქვე აღესრულა კიდეც.
მონასტერში იმის კვალიცაა შემორჩენილი, რომ ბევრჯერ მისულა იგი სრული მივიწყებისა და გაქრობის პირას. დიდი ხნის მანძილზე იგი სრულიად მიტოვებული იყო.

XIX საუკუნის მიწურულს ბეთანიაში კვლავ მოვიდნენ ბერები და დანგრეულის აღდგენა დაიწყეს. არ ჰყოფნიდათ სახსარი და გზაზე დიდი ყულაბა დადგეს ასეთი წარწერით: „შეეწიეთ მონასტერს!“ აი, ასე, ხელახლა ააშენეს ყოველივე, სავანემაც კვლავ დაიწყო აღორძინება. როცა თავისთვის საცხოვრებელს აგებდნენ, კარიბჭის შორიახლოს ბერებმა დიდი სამარხი ნახეს - საერთო საფლავი, სადაც ერთად ეწყო ძვლები და თავის ქალები. მათგან ბევრს წმიდა ცვილისფერი ჰქონდა კვლავაც. ეს კი, როგორც აღიარებულია, ამ ადამიანთა ცხოვრების სიწმიდეს მოწმობს. ჩვენთვის ცნობილი არ არის, ვინ არიან ეს ადამიანები, ალბათ, ცხოვრებისეულ შემთხვევითობას არ შეუკრებია ეს ნაწილები ერთ საფლავში. სწორედ მათ თავზე დგას წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის საყდარი.
აი, სულ ეს ვიცით სავანის ისტორიიდან. არსებობს კიდევ ერთი ძველი გარდამოცემა, თუ როგორ ააგეს ტაძარი საკუთრივ ამ ადგილას, მთის ძირში. ამბობენ, რომ თავდაპირველად მის აშენებას მდინარე სამადლოს მეორე მხარეს აპირებდნენ. ეს საკმაოდ ლამაზი ადგილია, და ტაძარიც, აქ რომ აშენებულიყო, ყოველმხრივ გადახედავდა გარემოს, მაგრამ ასე როდი სჯიდა საღმრთო განგებულება! გადმოცემით, მშენებლებს უკვე სამშენებლო მასალებიც აუტანიათ იმ თხემზე, მაგრამ ერთ დილით აღმოაჩინეს, რომ სამშენებლო მასალები სადღაც გაქრა! დაიწყეს ძებნა და ხეობის ფსკერზე იპოვნეს ისინი, ერთად დაწყობილი მთის პატარა ბექობზე. ყველად ერთხმად განადიდა ღმერთი და მონასტრის შენება ახალ, სასწაულით მითითებულ ადგილას დაიწყეს. შესაძლოა, ღვთის განგებამ გაითვალისწინა მისი მომავალი მნიშნველობა განსაკუთრებით, ჩვენი, ბოლო ჟამისათვის, როცა ბერ-მონაზვნებს ყველაზე მეტად შეჰფერით და ესაჭიროებათ განშორება ვნებებით შეპყრობილი ამა ქვეყნისაგან, მისი ამაოებისა და საცდურისაგან.








































































No comments:

Post a Comment