ატენის სიონი

..არს ხეობა ატენის მდინარისა. ...ატენის - წყალს მოერთვის აღმოსავლიდამ ვერის ხევი... ამის ზეით ატენი, მცირე ქალაქი. ატენის სამხრით არს მონასტერი სიონი, გუმბათიანი, კეთილნაშენი, და აწ სმენ გადამდგარს ეპისკოპოზს ახტალის მაგიერ, ვინაითგან იგი უქმს არს, და აწ არს ნიში მისი (ვახუშტი).
ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში ატენის სიონი VII ს. I ნახევარშია აგებული. იგი მდინარე ატენთან ახლოს (გორის რაიონი), ფრიალო კლდის საგანგებო საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზეა აღმართული და მთელი ხეობის სამშვენისს წარმოადგენს. ატენის ხეობა, ატენის ხევი კი მდინარე ტანის აუზს მოიცავს, რომლის შემადგენლობაში ადრე მდინარე თეძმის ხეობაც შედიოდა. ხეობა უძველესი დროიდანვე ყოფილა დასახლებული, ხოლო იბერიის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ იგი სპასპეტის საგამგეოში შედიოდა. იგი ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად - „ტანის ხევის“ სახელით უკვე IV-VII სს-ებში იყო ცნობილი, რომლის ცენტრი - ატენის ციხე, X ს-ში აფხაზთა მეფის ერთ-ერთი რეზიდენცია და საყრდენი პუნქტი გახლდათ ქართლის შემოერთებისსათვის ბრძოლაში. ქვეყნისათვის ატენის ხეობის დიდი მნიშვნელობისა და მისი სამეურნეო-კულტურული განვითარები მიმანიშნებელია აქ არსებული ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხესიმაგრეები - ვერის ციხე, ატენის, იგივე საცივის, იგივე ორბელიანის ციხე... ეკლესიები - ატენის სიონი, „სიონის პირისპირ... დანხვისის მთის ძირს მონასტერი კეთილშუენიერი ყოვლადწმიდისა, ... დანხვისის ძირში მონასტერი ნათლისმცემლისა, დანხვისის მაღალს მთასა ზედა, ეკლესია წმიდის გიორგისა, მჭურეტი ქართლისა“ (ვახუშტი) და სხვ. მათგან აგების თარიღისა და თავისი დიდი მნიშვნელობის მიხედვით უპირველესია ატენის სიონის სახელზე აგებული ტაძარი. -

No comments:

Post a Comment